კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კომპიუტერული თამაში "დიდგორის" შექმნისთვის 150 ათასს ლარს გამოყო. ამის შესახებ საკონკურსო პროექტის დოკუმენტშია აღნიშნული.
თამაშის თრეილერი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს გავრცელდა და არაერთი კრიტიკა უკვე გამოიწვია.
კომპიუტერული თამაშის თრეილერი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის "ძლევაი საკვირველი" ფარგლებში შეიქმნა. თრეილერი გამარჯვებულმა კომპანიამ სილესტიალ დიმენშენი მოამზადა.
საკონკურსო პირობებში აღნიშნულია, რომ მიზანია:
- კომპიუტერული თამაშის შექმნის გზით ახალგაზრდებში ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაცია;
- ახალგაზრდა თაობისათვის ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიისადმი ინტერესის გაღვივება;
- ინტერაქტიული ციფრული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
- გლობალურ ციფრულ სივრცეში ქართული კულტურისა და ისტორიის სათანადოდ წარმოჩენა.
კომპიუტერული თამაშების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის შესახებ არაფერი სმენიათ.
თამაშის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვს VR თამაშების დეველოპერს, ირაკლი კოკრაშვილს. როგორც ის აღნიშნავს, კარგი თამაშის წარმოება ძვირადღირებული სიამოვნებაა.
"უმაღლესი ზღვარი ნახევარ მილიარდზე მთავრდება. ეს არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ღირდეს. გააჩნია თამაშის მასშტაბებს, რის შექმნას აპირებ. შეიძლება დაჯდეს ერთი, ორი, სამი მილიონი და რამდენიმე წელი დასჭირდეს ხარისხიანი თამაშის დამზადებას. საქართველოში თუ აკეთებ რაღაცას და აქ აგყავს ყველა სპეციალისტი, შედარებით იაფი დაჯდება წარმოება, რადგან ფასები სხვა არის. მაგრამ ამის მიუხედავად, 150 ათასი ლარი ძალიან ცოტაა და ზოგიერთი კომპანია ამ ფასად ტრეილერსაც არ შეუკვეთავდა", - აღნიშნავს კოკრაშვილი.
კომპიუტერული დეველოპერი, მეო კი ფორმულასთან ამბობს, რომ გავრცელებული თრეილერიდან არ ჩანს, როგორი იქნება თამაში.
"150 ათასი არის ძალიან ცოტა და ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ასეთ თანხად გააკეთო მისაღები ხარისხის თამაში", - ამბობს მეო ფორმულასთან.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში არაა აღნიშნული, გამარჯვებული პროექტი სრულად დაფინანსდა სამინისტროს მიერ თუ ნაწილობრივ. პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ გავრცელებული განცხადებით ვიხელმძღვანელოთ.
პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება.